Wednesday, November 27, 2013

Saturday, October 5, 2013

გაკვეთილის თემა
ასო-ბგერა  „წ“-ს გაცნობა
საფეხური, კლასი, საგანი, მასწავლებელი
დაწყებითი საფეხური, Iკლასი, ქართული ენა და ლიტერატურა, მასწ. ნინო უგულავა
მნიშვნელობა/აქტუალობა
        მოსწავლეები შეისწავლიან კიდევ ერთ ასო-ბგერას, რომელიც ხელს შეუწყობს მათი წერა-კითხვის უნარის გაუმჯობესებას.
მიზნები და შედეგები
        მოსწავლეები შეისწავლიან ასო-ბგერა „წ“-ს, გამოიყენებენ მას როგორც წერის დროს ასევე კითხვისას, გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს, ბუკებში შეასრულებენ მარტივ დავალებებს.

ქართ.1.1 (ასრულებს მასწავლებლის მარტივ ინსტრუქციებს)
ქართ.1.5 (სიტყვას ყოფს მარცვლებად, ამოიცნობს სიტყვაში მარცვალთა რაოდენობას)
ქართ.1.6 (გამომუშავებული აქვს წიგნთან მუშაობის საწყისი ჩვევები)
ქართ.1.7 (ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე ზომის ტექსტებს, აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას სათანადო ადგილიდან )
ქართ.1.12 (მოსწავლეს შეუძლია ანბანის ყველა ასოს გამოწერა)

ისტ 1.1 მოსწავლე ფლობს ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ძირითად ცნებებსა და ოპერაციებს (კომპიუტერის ჩართვა-გამორთვა, მაუსით სარგებლობა)
წინასწარი ცოდნა
           მოსწავლეებმა იციან ბუკის გამოყენება (ჩართვა, შესაბამისი თამაშის მოძებნა, გამორთვა), იციან წყვილებში მუშაობა, აქვთ ასო-ბგერების გარკვეული რაოდენობის ცოდნა, იციან ვინ იყო იაკობ გოგებაშვილი, რა დაწერა, ასევე ლექსები დედაენაზე.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
დედაენის სახელმძღვანელოები, ბუკები, აქტივობების რვეულები, ავტოკალმები, ფორმატები ნახატებით (აქტივობისათვის), დაფა, წიწილას სურათი, მარკერები.
შეფასების საგანი და პროცედურები
განმავითარებელი: კომენტარებით და ვარსკვლავებით (აქტიურობისათვის, ჩართულობისათვის, წყვილებში მუშაობისათვის, ბუკის კარგად გამოყენებისათვის, დავალების სწორად გააზრებისათვის, წერის კულტურისათვის).
გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა 1. სამოტივაციო სავარჯიშო  - 3წთ.
მასწ.: ბავშვებო, მე თქვენთვის ერთი მშვენიერი სურათის მოტანა მინდოდა, მაგრამ იცით რა მოხდა? ჩემს სამუშაო მაგიდას ერთი უცნაური სტუმარი ეწვია (აჩვენებს მოსწავლეებს ხელზე წამოცმულ თოჯინას). აბა, თუ მიხვდებით რა არის ეს?
მოსწ.: წრუწუნააა
მასწ.: ამ წრუწუნამ იცით რა ქნა? ჩემი მომზადებული სურათი დახრა, ოთხ ნაწილად აქცია. მოდი, იქნებ დამეხმაროთ და ეს სურათი ამაწყობინოთ.
მოსწავლეები აწყობენ წიწილას სურათს.

აქტივობა 2. ასო-ბგერა „წ“-ს გაცნობა. – 2წთ.
მასწ.: აბა, ვინ იცის, რა არის ეს?
მოსწ.: წიწილა
მასწ.: მართალია.
მასწავლებელი სურათის ქვეშ მარკერით წერს სიტყვას  „წიწილა“
მასწ.: აბა, ვინ მეტყვის, ჩემს მიერ დაწერილ სიტყვაში, რომელი ასო-ბგერა არის ჯერ ჩვენთვის უცნობი?
მოსწავლეები აჩვენებენ.
მასწ.: თქვენი აზრით, რა ასო-ბგერა შეიძლება იყოს ეს, თუ აქ წიწილა დავწერე?
მოსწ.: „წ“.
მასწ.: აბა, კარგად დააკვირდით მას, ჩვენს მიერ შესწავლილ რომელ ასო-ბგერას მოგაგონებთ?
მოსწ.: „შ“-ს ოღონდ შებრუნებულს.
მასწ.: ძალიან კარგია. აბა, ყველამ კარგად დააკვირდით ამ ასოს, დაიმახსოვრეთ.

აქტივობა 3. წყვილებში მუშაობა - 4წთ.
              მასწავლებელი აწყვილებს მოსწავლეებს და ურიგებს  მცირე ზომის ფორმატებს, რომლის შუაგულში წერია ასო „წ“, ხოლო ირგვლივ განთავსებულია სხვადასხვა საგნები. მოსწავლეებმა უნდა გამოიცნონ და მარკერებით შემოხაზონ ის საგნები, რომელთა სახელებიც იწყება „წ“-ზე. დასრულების შემდეგ მოსწავლეები წარმოადგენენ შესრულებულ ნამუშევრებს. აქვე მასწავლებელი მოსწავლეებს სხვა „წ“-ზე დაწყებული სიტყვების დასახელებასაც თხოვს. ბოლოს აკეთებს კომენტარს.

აქტივობა 4. სავარჯიშო განტვირთვისათვის - 3წთ.
          მასწავლებელი თხოვს, მოსწავლეებს ჩართონ ბუკები. სანამ ბუკი ჩაირთვება მოსწავლეები განტვირთვისათვის ასრულებენ ასეთ აქტივობას:
          ბავშვები დგებიან წრეში. მასწავლებელი აწვდის ინსრუქციას: ჩვენ ახლა უნდა გავახმოვანოთ წვიმა.როცა ვიტყვი „წვრილი წვეთები!“ - გაატკაცუნეთ თითები, „წვიმა!“ - ხელებს ვირტყამთ მუხლებზე, „ჭექა-ქუხილი!“ - ვაბრახუნებთ ფეხებს, „ამოდის მზე!“ - ხელებს ვწევთ მაღლა.

აქტივობა 5. ბუკებში მუშაობა - 2წთ.
განტვირთვის შემდეგ მოსწავლეები სხდებიან თავიანთ ადგილებზე, მასწავლებელი თხოვს გახსნან ქამა-ბუკის თამაშის ქართული და მოძებნონ ასო-ბგერა „წ“. მოსწავლეები ათვალიერებენ სურათებს და აკვირდებიან ასო „წ“-ს გრაფიკულ მოხაზულობას, მასწავლებელი უხსნის თუ რა ნაწილებისგან შედგება, რამდენ უჯრაში განთავსდება.

აქტივობა 6.   პლაკატზე, ჰაერში და აქტივობების რვეულში. – 2წთ.
            მასწავლებელს ერთი მოსწავლე გამოყავს დაფასთან, სადაც გაკრულია პლაკატი ქართული ანბანით, მოსწავლე თითით შემოხაზავს „წ“-ს ზუსტად ისე როგორც იწერება, დანარჩენები კი იგივე მოძრაობას ასრულებენ ჰაერში. ამის შემდეგ მოსწავლეები აქტივობების რვეულში წერენ „წ“-ს და სიტყვა „წერო“-ს. მასწავლებელი ამოწმებს და საჭიროების შემთხვევაში ეხმარება  (ამავე დროს ამოწმებს საშინაო დავალებასაც).

აქტივობა7. გააფერადე ყველა „წ“.  – 3წთ.
            მასწავლებელი სთავაზობს ასეთ აქტივობას ბუკში - მოსწავლეებმა უნდა მოძებნონ  ყველა „წ“ და მათ მიერვე არჩეულ ფერად გაფერადონ ისინი (მაგ. წითლად).
აქტივობის დასრულების შემდეგ მოსწავლეები გამორთავენ ბუკებს.

აქტივობა 8. მოძრავი პაუზა - 1წთ
           მოსწავლეები მასწავლებლის ინსტრუქციის მიხედვით ერთად ასრულებენ ასეთ ვარჯიშს:  ადექით! გასწორდით: 1) წინმკლავი, ხელისგულები ქვემოთ     2) განმკლავი, ხელისგულები ზევით   3) დადექით თითის წვერებზე, ხელები ზემოთ, გასწორდით      4) ჩამოუშვით ხელები.
მოსწავლეები იმეორებენ 4-6-ჯერ.

აქტივობა 9.   წიგნში კითხვა (კითხვის ტექნიკა) - 8წთ
           მასწავლებლის მითითებით მოსწავლეები გადაშლიან დედაენას ასო-ბგერა „წ“-ზე. კითხულობს ჯერ მასწავლებელი, მოსწავლეები თვალს ადევნებენ. შემდეგ მოსწავლეები კითხულობენ (ნაწილ-ნაწილ).

აქტივობა 10.  წაკითხული ტექსტის დამუშავება  კითხვებით - 3წთ.
           წაკითხვის შემდეგ მასწავლებელი სვამს შეკითხვებს, მოსწავლეები პასუხობენ. მაგალითად:
1.      წაკითხულში რომელი სიტყვა შეგხვდათ უცნობი?
2.      მოცემულ სიტყვებში რომელია ორმარცვლიანი, სამმარცვლიანი?
3.      მომიძებნეთ ორსიტყვიანი წინადადება, სამსიტყვიანი..., ოთხსიტყვიანი...
4.      წინადადებაში იაკობ გოგებაშვილის სახელია გამოყენებული. აბა, გავიხსენოთ ვინ იყო ის და რა დაგვიწერა (შეიძლება რომელიმე მოსწავლემ ლექსიც თქვას დედაენაზე).
5.       
აქტივობა 11. საშინაო დავალება - 2წთ.
         გაკვეთილის ბოლო ნაწილში მასწავლებელი აძლევს საშინაო დავალებად:
1.იმუშაონ აქტივობების რვეულში ასო-ბგერა „წ“-ს წერაზე.
2. წაიკითხონ „წიწილა“.
3. სახატავი რვეულის ერთ გვერდზე შეძლებისდაგვარად დახატონ ის საგნები, რომელთა სახელებშიც არის ასო-ბგერა „წ“ და ნახატს გაუკეთონ შესაბამისი წარწერა (მასწავლებელი აჩვენებს ნიმუშს).

აქტივობა 12. შეფასება -2წთ.
         მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს კომენტარებით და ვარსკვლავებით.
         გაკვეთილის დასრულების შემდეგ მასწავლებელი თხოვს მოსწავლეებს გაკვეთილის შეფასებას: მოგეწონათ დღევანდელი გაკვეთილი? ყველაზე მეტად რომელი აქტივობა მოგეწონათ? ყველაზე ნაკლებად? კიდევ რას გააკეთებდით? და ა.შ.



შვილის თვალებში მზე თუ იცინის , დედისთვის მუდამ გაზაფხულია...